четверг, 20 ноября 2014 г.

"დაიჭირე წამი"


                                                                                           "დაიჭირე წამი"



გახსოვთ ფილმი „Dead Poets Society" („მკვდარი პოეტების საზოგადოება") და რობინ უილიამსის გმირი, მისტერ კიტინგი, კონსერვატიულ სასწავლებელში მოხვედრილი ლიტერატურის მასწავლებელი? კიტინგი ბავშვებს დაფიქრებისკენ, საკუთარი სტილის პოვნისკენ უბიძგებს, ლექსების მშრალი ანალიზის ნაცვლად ასწავლის, როგორ შეიგრძნონ პოეზია. მოულოდნელად მაგიდაზე ამხტარი მასწავლებელი მოსწავლეებს ეკითხება:
- აბა, ვინ მეტყვის, მაგიდაზე რატომ ვდგავარ?
- უფრო მაღალი რომ გამოჩნდეთ, - უპასუხებს ერთი...
- მაგიდაზე იმიტომ ვდგავარ, რომ საკუთარ თავს შევახსენო, მოვლენებს ყოველთვის სხვა თვალით უნდა შევხედოთ. იცით? სამყარო აქედან სულ სხვანაირად ჩანს...

ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელმაც ამგვარი მეთოდების გამო აითვალწუნა იგი, მისტერ კიტინგი ეუბნება: „ყოველთვის მიმაჩნდა, რომ განათლების იდეა საკუთარ თავზე დაფიქრება იყო..." ხოლო თუ ამ გზას გავუყვებით, რუსთაველამდეც მივალთ:

„მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა..."

...
მასწავლებელს მოსწავლეებისთვის ლიტერატურის გაკვეთილებზე საკუთარ თავზე დაფიქრება რომ ესწავლებინა, ალბათ, სამყარო უფრო საინტერესო გახდებოდა და აღარც მასწავლებელს დასჭირდებოდა მუქარა, მოხვალ გამოცდაზე და ვნახავთ, ვინ გაიცინებსო. განათლების გზით საკუთარი უნარების აღმოჩენა და შემოქმედებითი რეალიზაცია - აი, რა ხდის ადამიანს ბედნიერს. თუმცა ყოველთვის დასაცავი იქნება აზრი, რწმენა, იდეა, რომელიც ასეთს გაგხდის...
პოეზიას, ისევე როგორც ადამიანებს, აქვს თავისი რიტმი. ყოველი ლექსი უნიკალურია, როგორც პიროვნება. ამ უნიკალურობით არის საინტერესო ლექსიც და ადამიანიც.
საბოლოოდ, ყველაფერი წარმავალია. ყველა მოკვდება. ამიტომ და სწორედ ამიტომ: „დაიჭირეთ წამი!" იგრძენით სიცოცხლე!





Комментариев нет:

Отправить комментарий